2018-2019 წლებში საკონსტიტუციოს მოსამართლეებმა დეკლარაციები არასწორად შეავსეს

ხატია ნიკოლაიშვილი

კანონმდებლობით დადგენილი წესი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამაც დააღვია.

2018-2019 წლებში საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლის შრომის ანაზღაურებაზე 2,297,398 ლარი დაიხარჯა, საიდანაც 963,913 ლარი დანამატის სახით გაიცა.

2018 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრა მოსამართლიდან ოთხმა არასწორად მიუთითა წლის განმავლობაში მიღებული შრომის ანაზღაურება.

2019 წელს დეკლარაცია არასწორად ორმა მოსამართლემ შეავსო.

2018-2019 წლებში მოსამართლეებმა 149,008 ლარით მეტი შემოსავალი მიუთითეს ფინანსურ დეკლარაციაში, ვიდრე რეალურად ჰქონდათ.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მიერ 2019-2020 წლის ფინანსური დეკლარაციებში ასახული წლიური შემოსავალი ძირითად შემთხვევებში არ შეესაბამება, მათ მიერ აღებულ წლიურ სამუშაო ანაზღაურებას. ეს მოსამართლეები არიან: მერაბ ტურავა, მანანა კობახიძე, მაია კოპალეიშვილი, თამაზ ცაბუტაშვილი და ევა გოცირიძე.

საკანონსტიტუციო სასამართლის მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის თანახმად 9 მოსამართლის ჯამურმა წლიურმა შემოსავალმა 2018 წელს შეადგინა: 1,151 738 ლარი, ხოლო ფინანსური დეკლარაციის მიხედვით მოსამართლეებმა 2018 წელს ჯამში 1,055,018.18 ლარი მიიღეს შემოსავლის სახით.

„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად დეკლარაცის შევსების დროს საჯარო პირები, მათ შორის მოსამართლეები ვალდებულები არიან ფინანსურ დეკლარაციაში შემოსავალი მიუთითონ საშემოსავლო გადასახადის გარეშე. კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულება, 2018 წელს, არ შეასრულა საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხმა მოსამართლემ: მერაბ ტურავა, მანანა კობახიძე, თამაზ ცაბუტაშვილი, ევა გოცირიძე.

საკონსტიტუციო სასამართლოს ამჟამინდელმა თავჯდომარე მოსამართლე მერაბ ტურავამ თავის ფინანსურ დეკლარაციაში შემოსავალი მიუთითა არასწორად. კერძოდ, მან არ ასახა საშემოსავლო გადასახადების გადახდის შემდეგ მიღებული შემოსავალი. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მოწიდებული ინფორმაციით მოსამართლის წლიურმა შემოსავალმა 2018 წელს 130,134 ლარი შეადგინა, ხოლო ფინანსური დეკლარაციის მიხედვით მისმა შემოსავალმა, საშემოსავლო გადასახადების გადახდის შემდეგ, 131,228 ლარი შეადგინა, იმაზე მეტი ვიდრე თავად მოსამართლემ სამუშაო ანაზღაურების შედეგად აიღო.

ანალოგიური შემთხვევა მეორდება მოსამართლეების მანანა კობახიძესა და თეიმურაზ ცაბუტაშვილის შემთხვევებში. ფინანსურ დეკლარაციაში ორივე მოსამართლემ შემოსავალი არა საშემოსავლოს გადასახადის შემდეგ მიუთითეს, არამედ პირიქით იმაზე მეტი რამდენიც საკონსტიტუციო სასამართლოში შრომის ანაზღაურების სახით მიიღეს.
ყოველივე ეს არის ფინანსური დეკლარაციების შევსების წესის დარღვევა.

მოსამართლის ფინანსური დეკლარაციის ხარვეზებით შევსების ანალოგიური მაგალითები გვხდება 2019 წელს. მოსამართლე თამაზ ცაბუტაშვილმა ამჯერადაც დაარღვია დეკლარაციის შევსების წესი. მიუხედავად იმისა რომ ცვლილება კანონში უკვე ერთ წელზე მეტია შევიდა, მოსამართლემ ფინასურ დეკლარაციაშია შემოსავალი იმაზე მეტი მიუთითა ვიდრე მისი საკონსტიტუციო სასამართლოდან მიღებული რეალური შემოსავალი იყო. 2019 წელს თამაზ ცაბუტაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში შრომის ანაზღაურების სახით 124,585 ლარი მიიღო, ხოლო დეკლარაციაში 125,736 ლარი მიუთითა რაც, თავისმხრივ, წარმოუდგენელია იმის გათვალისწინებით რომ დეკლარაციაში ვალდებული იყო 20 პროცენტით ნაკლები შემოსავალი დაედეკლარირებინა.
საინტერესოა, რომ მოსამართლე მაია კოპალეშვილმა 2019 წელს დაარღვია დეკლარაციის შევსების წესი და ეს იმ პირობებში როდესც მოსამართლემ 2018 წელს სწორედ ასახა მიღებული შემოსავალი ფინანსურ დეკლარაციაში.

საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლის შრომის ანაზღაურებაზე 2018 წლიდან 2020 წლის ივლისამდე 2,833,191 ლარი დაიხარჯა. მათგან თანამდებობრივი სარგოს სახით გაიცა 1,649,713 ლარი, ხოლო დანამატის სახით 1,183,479 ლარი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის თანახმად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 7,000 ლარს, თავმჯდომარის მოადგილეებისათვის - 6,300 ლარს, ხოლო სხვა მოსამართლეებისათვის 6,000 ლარს.

ამასთანავე კანონის თანახმად საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის შრომის ანაზღაურების ყოველთვიური დანამატის ოდენობას განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გათვალისწინებული დაფინანსების ფარგლებში.

საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით დგინდება, რომ მოსამართლეები დანამატს იღებენ ყოველთვიურად სარგოსთან ერთად, ხოლო წლის ბოლო თვეში დანამატის ოდენობა იზრდება. მოსამართლეები ნაცვლად 4,235 ლარისა, დეკემბრის თვეში, 6,000 ლარის ოდენობით დანამატს იღებენ. დეკემბრის თვეში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დანამატის ოდენობა 7000 ლარს შეადგენს, ხოლო მოადგილეების შემთხვევაში – 6,300 ლარს.

წყარო:

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლებიის სახელფასო დანამატი/სარგო 2018, 2019, 2020 წლების მიხედვით: https://www.scribd.com/document

რეგიონი გაფლანგულია წელი