2020 წელს აჭარელ სოცდაუცველ ბავშვებზე ბიუჯეტიდან 1,5 მილიონი დაიხარჯა, ბლექ სი არენაზე კი 3,5 მილიონი

ლიზა ქორიძე

2020 წელს, პანდემიის პერიოდში, სახელმწიფომ 3.5 მილიონი ლარით დაასუბსიდირა “ბლექ სი არენა, რაც 2 მილიონით მეტია, ვიდრე აჭარელ სოცდაუცველ ბავშვებზე დახარჯული ფული.

ბიძინა ივანიშვილმა ბლექ სი არენა სახელმწიფოს 2016 წელს გადასცა, 2017-2020 წლებში დარბაზზე ბიუჯეტიდან 33 მილიონი დაიხარჯა, თუმცა სახელმწიფომ ხარჯები ვერ ამოიღო და ჯამში 2017-19 წლებში 13.5 მილიონით იზარალა.

ბლექ სი არენას” სუბსიდიაში დახარჯული 3.5 მილიონით, პოსტპანდემიურ პერიოდში ბიუჯეტს დაახლოებით 58 ათასი სოცდაუცველი ბავშვის დახმარება შეეძლო.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ფისკალური ანალიზის დოკუმენტის მიხედვით სახელმწიფომ 3,518,000 ლარით დაასუბსიდირა შპს ბლექ სი არენა ჯორჯია. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა 3.5 მლნ ლარზე მეტი ღონისძიებებზე, რომელთა გამართვაც 2021 წლისთვის გადაიდო.

ბიძინა ივანიშვილის მიერ ნაჩუქარ Black Sea Arena-ს შენახვაზე, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, სახელმწიფომ ბიუჯეტიდან 32,719,000 ლარი დახარჯა. წლების მიხედვით სახელმწიფოს მიერ გაცემული სუბსიდია შემდეგნაირად გადანაწილდა:

2017 წელი - 14,945,000 ლარი

2018 წელი - 4,756,000 ლარი

2019 წელი - 9,500,000 ლარი

2020 წელი - 3,518,000 ლარი

აქვე, აღსანიშნავია რომ 2017-2019 წლები ბლექ სი არენამ ზარალით დაასრულა. კონცერტების ბილეთებიდან გაყიდულმა შემოსავალმა ვერ დაფარა სახელმწიფოს მიერ მასზე ბიუჯეტიდან გაცემული ხარჯი, ზარალის რაოდენობამ ჯამში 13,525,859 ლარი შეადგინა.

ნათელია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარი იხარჯება ბლექ სი არენას შენახვაზე, რომელიც ყოველ წელს ზარალზე მუშაობს. აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა რამდენად უღირს სახელმწიფოს ბიძინა ივანიშვილის საჩუქრის შენახვა?

კომპანია ბლექ სი არენას 100% წილის მფლობელი სახელმწიფოა. 2019 წლიდან ის მართვის უფლებით გადაეცა განათლებისა და კულტურის სამინისტროს. 2019 წლის დეკემბრის მონაცემების მიხედვით კომპანიაში 116 ადამიანია დასაქმებული.

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, 2020 წლის ივნისში Black Sea Arena-მ გაავრცელა განცხადება, რომ დაგეგმილი კონცერტები 1 წლით გადაიდებოდა და მათ, ვისაც კონცერტზე დასასწრები ბილეთები უკვე შეძენილი ჰქონდა, ორი გამოსავალი შესთავაზა: შეენახათ ბილეთები 2021 წელს გადატანილი კონცერტებისთვის ან დაებრუნებინათ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის მონაცემების თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობა 336,500 ადამიანს შეადგენს, აქედან კი 49,478 საარსებო შემწეობის მიმღებია. აღსანიშნავია, რომ დღევანდელი მონაცემებით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 18,480 ბავშვი (0-18) არის სოციალურად დაუცველი. იმ პირობებში, როდესაც აჭარაში ამდენი ადამიანი და მათ შორის ბავშვი საჭიროებს საარსებო შემწეობას, მიგვაჩნია, რომ მხოლოდ ერთი წლის განმავლოვაში სახელმწიფოს მხრიდან 3,5 მლნ ლარით Black Sea Arena-ს დასუბსიდირება, სადაც კონცერტი არც კი ჩატარებულა, ბიუჯეტის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვაა.

წყაროები:

ფინანსური რისკების ანალიზის დოკუმენტი 2020 წელი: https://www.mof.ge/.../publicat.../30-09-2020/FRS%202020.pdf ;

ფისკალური რისკების ანალიზი 2019-2023 წწ.: https://mof.ge/.../sxvadasxva/FRS_2019_I%20submission.pdf ;

ფლანგვის დეტექტორი: სამი წლის განმავლობაში ბლექ სი არენამ სახ. 14 მილიონით აზარალა: http://sadplan.ge/.../sami-clis-ganmavlobashi-blek-si... ;

სოციალური მომსახურების სააგენტო-აჭარის მოსახლეობა: http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=332

სოცილაური მომსახურების სააგენტო-სოც.დაუცველი ბავშვები აჭარაში (5.3): http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=1477 ;

BMG- “ბლექ სი არენა” მართვის უფლებით განათლების და კულტურის სამინისტროს გადაეცა: https://bm.ge/.../quotbleq-si-arenaquot-martvis.../30700

რეგიონი გაფლანგულია წელი