ბათუმის მერია ქალაქში უკანონო მშენებლობებზე თვალს ხუჭავს და დარღვევებზე სათანადოდ არ რეაგირებს

სალომე კვირიკაშვილი

ბათუმის მერია ქალაქში უკანონო მშენებლობებზე თვალს ხუჭავს და დარღვევებზე სათანადოდ არ რეაგირებს;

აუდიტის მიერ შესწავლილი 110 ობიექტიდან 18 შემთხვევაში დარღვევა გამოვლინდა, რომლებზეც მერიას არაფერი მოუმოქმედებია.

აუდიტის დაწყებამდე მერიას მშენებლებზე სანქციები არ დაუკისრებია და არ გაუტარებია ღონისძიებები პირების მიმართ, ვისაც უკანონო მშენებლობის შეჩერება ევალებოდა.

2005 წელს ამოქმედდა კანონი "სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ", რომელიც ბათუმს გენგეგმის მიღებას ავალდებულებდა.

ამის მიუხედავად, ბათუმის განაშენიანება წლებია, გენერალური გეგმის გარეშე ხდება და მერიამ შესაბამისი ტენდერი მხოლოდ 2021 წელს გამოაცხადა.

2019-21 წლებში ბათუმის მერიის 44 თანამშრომლის ხელფასებზე 3,179,700 ლარი დაიხარჯა, თუმცა მერია დაკისრებულ ვალდებულებებს ვერ ან არ ასრულებს.

ბათუმში მშენებლობები წლებია, ქალაქის განაშენიანების მთავარი დოკუმენტის გარეშე ხორციელდება.

ჯერ კიდევ 2005 წელს მიღებულ იქნა კანონი „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“, რომელიც განსაზღვრავდა თვითმმართველ ორგანოს ვალდებულებას მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღების შესახებ. მიუხედავად კანონში მსგავსი ჩანაწერისა ბათუმს დღემდე არ აქვს გენგეგმა.

პირველ რიგში, უნდა განიმარტოს, რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა – ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტია, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს.

ბათუმის მერიის საიტზე ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პირველი დოკუმენტი 2009 წლით თარიღდება. თუმცა, ეს არ იყო სრულყოფილი დოკუმენტი. გენგეგმის პირველი თავი ბათუმის პერსპექტიული განვითარების ხედვას მოიცავდა, საერთო ჯამში კი გენგეგმა ქალაქმშენებლობის განვითარების ზოგად პრინციპებს ასახავდა. დოკუმენტში რამდენჯერმე განხორციელდა ცვლილებები, ცვლილებები როგორც წესი ზონირებას შეეხებოდა და ყოველ ჯერზე ზონირების ახალ რუკას ამტკიცებდა საკრებულო.

სათანადო გენგეგმის არარსებობის პირობებში ქალაქის განაშენიანება დროთა განმავლობაში მძიმე პრობლემად იქცა. ბათუმის ყოფილმა მერმა, ლაშა კომახიძემ 2019 წლის ინტერვიუში აღნიშნა “ბათუმის გენგეგმა იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც დავუტოვებ ქალაქს”. ლაშა კომახიძემ მერის თანამდებობა 2020 წელს დატოვა და ბათუმიც გენგეგმის გარეშე დატოვა.

ბათუმის მერიამ სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტის შესამუშავებლად ტენდერი მხოლოდ 2021 წლის მაისში გამოაცხადა. ტენდერში სამი კომპანია იღებდა მონაწილეობას, საბოლოოდ კი “სითი ინსტიტუტი საქართველო”-მ გაიმარჯვა. ბათუმის მერიამ კომპანიასთან 2,495,700 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა აგვისტოში გააფორმა. აღსანიშნავია, რომ „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ მოამზადა თბილისის განვითარების გენერალური გეგმაც.

პარალელურად, მხოლოდ ბოლო 3 წლის განმავლობაში მერიაში დასაქმებული 44 დასაქმებულის, რომელთა შრომის ასანაზღაურებლად 3,179,700 ლარი დაიხარჯა, თუმცა მერია მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს ჯეროვნად ვერ ასრულებს. ამასვე მიუთითებს აუდიტის სამსახურის მიერ 2020 წელს გამოქვეყნებული დასკვნა. აუდიტის ეტაპზე შესწავლილ იქნა ბათუმის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლებისა და კომერციული სტრუქტურების მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების კანონიერება. 110 შემთხვევიდან 18 შემთხვევაში დარღვევა გამოვლინდა (13 შემთხვევაში მიმდინარეობს უნებართვო მშენებლობა, 4 შემთხვევაში − მშენებლობა შეწყვეტილი და მიტოვებულია, ხოლო ერთ შემთხვევაში − დასრულებულ სამშენებლო სამუშაოებზე მიმდინარეობს ნებართვის გაცემის პროცედურები).

უკანონო მშენებლობები ძირითადად 2016 წლიდან ხორციელდება, თუმცა მიუხედავად უკანონო მშენებლობებისა და დარღვევებისა, აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული ფაქტები არ არის გამოვლენილი და უკანონო მშენებლობის აკრძალვის უზრუნველსაყოფად ღონისძიება მერიას არ აქვს გატარებული. აუდიტის დაწყებამდე მერიას მშენებელ პირებზე სანქცია არ დაუკისრებია. ამასთანავე, იმ პირების მიმართ, ვისაც ევალებოდა უკანონო მშენებლობების შეჩერება და აღმოფხვრა, ღონისძიება არ გაუტარებია.

ამავდროულად აუდიტის სამსახური საუბრობს ისეთ მარტივად აღქმად და შესამჩნევ დარღვევებზე როგორიც არის ბათუმის ზღვის სანაპიროზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, არანაკლებ, 1,400 კვ.მ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ აშენებულია რკინაბეტონის შენობა, ღია ბარები და კვების ობიექტები, ნიჟარაძის ქუჩაზე უნებართვოდ აშენებული 3 სართული, რომელზეც ნებართვის გაცემა მხოლოდ აუდიტის ჯგუფის მიერ მშენებლობის დათვალიერების შემდეგ მოხდა.

მრავალი დარღვევის გამოაშკარავების შემდეგ, აუდიტი პირდაპირ მიუთითებს, რომ “2020 წელსაც გრძელდება უნებართვოდ აშენებული შენობებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დაკავება და სარგებლობა. აღნიშნული მიუთითებს, რომ კონტროლის სისტემა, რომელმაც უნდა აღკვეთოს უნებართვო მშენებლობები, არ მუშაობს და შესაბამისი პირების მიერ მუნიციპალიტეტის ინტერესების საზიანოდ, არამართლზომიერი ქმედების რისკზე მიანიშნებს”.

წყარო:

აუდისტის დასკვნა - https://bit.ly/3BNylt3

გენგეგმა 2009 და ცვლილებები - https://bit.ly/2YJHYdP

ინტერვიუ ლაშა კომახიძესთან https://bit.ly/3iOpmAf

ბიუჯეტი - https://bit.ly/3arvb1S

კანონი https://bit.ly/3lxOnl2

რეგიონი გაფლანგულია წელი
აჭარა