წყალტუბოს სკოლების მოსამზადებლად მთავრობას 6 თვე ჰქონდა, მაგრამ მზადება 2 კვირით ადრე დაიწყო

დავით მჟავანაძე

2020 წლის 3 სექტემბერს, სველი წერტილების მოსაწყობად, ხელისუფლებასთან დაახლოებულმა კომპანიებმა 1,122,256 ლარი უტენდეროდ მიიღეს.

9-დან 8 კომპანია წარსულში მხოლოდ გამარტივებული შესყიდვებით საზრდოობდა ან კონკურენტთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე იმარჯვებდა.

 შპს “არია გრუპს” წარსულში არანაირი აქტივობა არ უფიქსირდება, თუმცა 3 სექტემბერს წყალტუბომ მას 220,760 ლარი უტენდეროდ მისცა.

მმართველი პარტიის მხარდამჭერმა ინდ. მეწარმე აკაკი რობაქიძემ, რომელსაც არცერთ სახელმწიფო ტენდერში არ მიეღო მონაწილეობა, 119,600 ლარი მიიღო უტენდეროდ.

წყალტუბოში 5,000-ზე მეტი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და ტენდერის გამოცხადებით მათთვის ადგილობრივი ბიუჯეტი დაიზოგებოდა.

კორონავირუსის პანდემიის დასაწყისშივე, 2020 წლის მარტში მთელი ქვეყნის მასშტაბით შეწყდა საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირება და ქვეყანა მასშტაბურად გადავიდა ონლაინსწავლებაზე. პანდეემის დასაწყისშივე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ვირუსოლოგების უპირველეს რეკომენდაციას ჰიგიენის წესების მკაცრი დაცვა წარმოადგენდა.

აღნიშნული რეკომენდაციის შესასრულებლად, ცხადია, უმნიშვნელოვანესია სველი წერტილების გამართული ფუნქციონირება ისეთ დაწესელებულებებში, სადაც ადამიანთა თავშეყრა ხდება, მაგალითად სკოლებში, ბაღებში და ა.შ

ახალი სასწავლო წლისთვის მოსამზადებლად, მათ შორის სველი წერტილების მოსაწყობად იმ საგანმანათლებლო სივრცეებში, სადაც ამის საჭიროება არსებობდა, ხელისუფლებას 6 თვე ჰქონდა. შესაძლებელი იყო, საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურად დასახარჯად მომსახურების შესყიდვა ტენდერის გზით მომხდარიყო.

მიუხედავად ამისა წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა სწავლის დაწყებამდე 2 კვირით ადრე, 2020 წლის 3 სექტემბერს შეესყიდა მომსახურებები მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაციისა და სველი წერტილების მოსაწყობად.

 გამოვლენილი გარემოება:

2020 წლის 3 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა 9 სხვადასხვა კომპანიასა და ინდ.მეწარმესთან ჯამში 1,122,256 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვები გააფორმა. აღნიშნული შესყიდვა ემსახურებოდა სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებებში სველი წერტილების მოწყობასა და რეაბილიტაციას. იმ 9 კომპანიიდან, რომელთანაც ხელშეკრულებები გაფორმდა, 8 არის ისეთი, რომელსაც მანამდე ან არცერთ ტენდერში არ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული და მხოლოდ გამარტივებული შესყიდვებით საზრდოობდა, ან მაქსიმუმ 2 ტენდერში ჰქონდა წარსულში მონაწილეობა მიღებული, სადაც სანახევროდ კონკურენტთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე იმარჯვებდა.

ამ 8 კომპანიას შორის არის შპს არია გრუპიც, რომელსაც 2020 წლის 3 სექტემბრამდე არცერთი აქტივობა არ უფიქსირდება და მხოლოდ ამ დღეს მიიღო ორი გამარტივებული შესყიდვა 135,000 და 85,760 ლარის ოდენობით. აღსანიშნავია ისიც რომ ამ კომპანიის მფლობელი თინათინი თვარაძე არის შპს “მიმდემის” მეპატრონის, ზურაბ მიქაძის ცოლის, ხოლო შპს “მიმდემი” არის მსხვილი კომპანია, რომელიც ტენდერების 65% ან უკონკურენტოდ ან კონკურენტთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე იგებს. ხშირია შემთხვევები, როდესაც ამ კომპანიას იგივე წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა სატენდერო პირობები მოარგო ან შემდგომში გადაუწია დასრულების ვადები. ამ ფორმით შპს “მიმდემმა” უკვე 45 მილიონამდე მიიღო სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

ამ 8 კომპანიას წარმოადგენს აგრეთვე ინდ.მეწარმე აკაკი რობაქიძე, რომელსაც 2007 წელს რეგისტრაციის შემდეგ არცერთ ტენდერში არ აქვს მონაწილეობა მიღებული. მას მხოლოდ 2012 წლიდან უფიქსირდება ათობით გამარტივებული შესყიდვა წყალტუბოს სხვადასხვა სკოლისგან. ტენდერების საშუალო ღირებულებებიც რამდენიმე ასეულ ლარია, თუმცა 2020 წლის 3 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა მასთან 119,600 ლარის გამარტივებული შესყიდვა განახორციელა სოფელ ქვიტირისა და ზედა მესხეთის საჯარო სკოლების შენობების დასრულებისა და სველი წერტილების მოსაწყობად. გაუგებარია რა კრიტერიუმით შეირჩა ეს მიმღები ამ ოდენობის თანხის გამარტივებული შესყიდვისთვის. მას სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის არანაირი პრაქტიკა არ აქვს და სრულად წყალტუბოს საჯარო დაწესებულებების მიერ გაფორმებული გამარტივებული შესყიდვებით საზრდოობს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, აკაკი რობაქიძე მმართველი პარტიის აქტიური მხარდამჭერია, შესაბამისად ასეთი მსხვილი გამარტივებული შესყიდვის მასთან გაფორმების მიზეზიც, შესაძლოა სწორედ მისი პოლიტიკური სიმპათიები იყოს.

კომპანიების ჩამონათვალი:

შპს ასა მოტორსი 412743731
რეგისტრაციის თარიღი: 28/01/2019.

ამ კომპანიას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ორ ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომლებშიაც უკონკურენტოდ გაიმარჯვა და საბოლოოდ ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან მიიღო 44,000 და 30,000 ლარიანი ხელშეკრულებები. აღნიშული შესყიდვა განხორციელდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის შიდა გზების თოვლის საფარისაგან გაწმენდისა და სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის მიზნით. 2019 წლის დეკემბრიდან ამ კომპანიას მიღბული აქვს 7 გამარტივებული შესყიდვა ჯამში 347,114 ლარი ოდენობით, საიდანაც 5 შეთმხვევაში შემსყიდველს წყალტუბოს მუნიციპალიტეტი წარმოადგენდა, ჯამში 344,141 ლარი. მათ შორის ამ წლის 3 სექტემბერს ამ კომპანიამ მიიღო 147,000 ლარიანი ხელშეკრულება წყალტუბოს რამდენიმე სოფლის სკოლების რეაბილიტაციისთვის.

შპს დაგი 412679551
რეგისტრაციის ნომერი, თარიღი: 08/09/2011.

კომპანიას 2012 წლის ბოლოდან 2020 წლამდე მიღებული ქვს 20 გამარტივებული შესყიდვა, საიდანაც 15 შემთხვევაში შემსყიდველი იყო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი. ამ კომპანიამაც მიიღო წყალტუბოს მუნიციპალიტეტისგან 3 სექტემბერს გამარტივებული შესყიდვა 159,000 ლარის ოდენობით, გეგუთის სკოლის რეაბილიტაციისა და სველი წერტილების მოსაწყობად.

შპს არია გრუპი 412750054

კომპანიას დაარსების დღიდან არცერთ ტენდერში არ მიუღია მონაწილეობა. მხოლოდ 2 აქტივობა უფიქსირდება მას, კერძოდ 2020 წლის 3 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტისგან ამ კომპანიამ მიიღო ორი გამარტივებული შესყიდვა 135,000 და 85,760 ლარის ოდენობით, წყალტუბოს სოფლებში საჯარო სკოლების მოსაწყობად, მათ შორის სველი წერტილების მოსაწესრიგებლად.

შპს მიკო ბილდინგი 412746710

კომპანიამ 2019 წლიდან დღემდე მხოლოდ 2 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც ერთში გაიმარჯვა, კონკურენტთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე. 33,763 ლარის ხელშეკრულება მასთნ წყალტუბოს ბაღების გაერთიანებამ გააფორმა, რამდენიმე ბაღში ელექტროგაყვანილობის ქსელების მოსაწყობად. მას ასევე ორი გამარტივებული შესყიდვა აქვს მიღბული წყალტუბოს მუნიციპალიტეტისგან. 2020 წლის ივნისში კომპანიამ 248,000 ლარი მიიღო უტენდეროდ წყალტუბოს სოფლებში გარე განათებების ქსელების მოსაწყობად, ხოლო 2020 წლის 3 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა მასთან 127,500 ლარის გამარტივებული შესყიდვა განახორციელა სოფ. გუმბრისა და სოფ წყალტუბოს სკოლების რეაბილიტაციისა და სველი წერტილების მოსაწყობად.

რეგიონი გაფლანგულია წელი
იმერეთი