გრინ ფროჯექტის და გრინ სერვსის 37 მილიონის ტენდერები მოიგეს

ლიზა ქორიძე

ქართული ოცნების შემომწირველის ორმა კომპანიამ ტენდერების მოგება 2012 წლის შემდეგ დაიწყო და გამარტივებული შესყიდვების გზით 766,131 ლარიც მიიღო.

თავიდან კომპანიები ფორმალურად დამოუკიდებლები იყვნენ და ისინი ერთად მონაწილეობდნენ სხვადასხვა ტენდერში, მიუხედავად იმისა, რომ ერთის მეწილეები იყვნენ პირები, რომლებიც სხვადასხვა დროს მეორე კომპანიის წილებსაც ფლობდნენ.

შპს გრინ პროჯექტის 100%-იანი წილის მფლობელი შპს გრინ სისტემსია.

 შპს გრინ პროჯექტი და შპს გრინ სისტემსს ერთი ადამიანი უდგას სათავეში, ხოლო მეწილეები მართალია წლების განმავლობაში იცვლებოდნენ, თუმცა რამდენიმე მათგანი მუდმივად ფიგურირებს ორივე კომპანიაში.

გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ორივე კომპანია 2012-2013 წლიდან აქტიურად იღებს მონაწილეობას ელ. ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში და მათთან გაფორმებული ხელშეკრულებები საბოლოო ჯამში საკმაოდ ძვირადღირებულია.

მაგალითად, შპს გრინ პროჯექტს 120-ზე მეტ ელ.ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელთა საერთო ღირებულებამ 2012-2020 წლებში 7,654,477 ლარი შეადგინა, აქედან 5,288,208 ლარი კომპანიას უკონკურენტო გარემოში აქვს მიღებული. რაც შეეხება გამარტივებულ შესყიდვებს, 2012-2020 წლებში კომპანიამ ამ გზით 542,485 ლარი მიიღო.

რაც შეეხება შპს გრინ სისტემსს, კომპანია ელ.ტენდერებში 2013 წლიდან იღებს მონაწილეობას. 2013-2020 წლებში კომპანიამ დაახლოებით 130 ელ.ტენდერსა და 20-ზე მეტ გამარტივებულ შესყიდვაში მიიღო მონაწილეობა. დროის აღნიშნულ მონაკვეთში ელ.ტენდერების გზით შპს გრინ სისტემსმა თითქმის 30 მლნ ლარი მიიღო (29,651,505), ტენდერების უმეტესობა უკონკურენტო გარემოში ჩატარდა, მათი ღირებულება კი 15,066,913 ლარს შეადგენს. რაც შეეხება გაამრტივებულ შესყიდვებს, 2013-2020 წლებში კომპანიამ 233,646 ლარის ხელშეკრულებები გააფორმა.

რამდენიმე შემთხვევაში შპს გრინ პროჯექტი და შპს გრინ სისტემსი ერთად იღებდნენ მონაწილეობას ელ.ტენდერში. მაგალითად, 2015 წელს იუსტიციის სახლმა გამოაცხადა ტენდერი, რომლის ღირებულება 49,675 ლარს შეადგენდა. აღნიშნულ ტენდერში 5 კომპანა იღებდა მონაწილეობას, მათ შორის იყვნენ შპს გრინ პროჯექტი და შპს გრინ სისტემსი, გამარჯვებული შპს გრინ სისტემსი გახდა, რაც შეეხება შპს გრინ პროჯექტს, სავარაუდოდ კომპანიის დისკვალიფიკაცია მოხდა ან მან თავად დატოვა ტენდერი, ამის შესახებ ინფორმაცია სატენდერო დოკუმენტაციაში არ არსებობს.

შპს გრინ პროჯექტი (ს/კ 205152172) 2006 წლიდან არსებობს. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: კომპიუტერული ტექნიკის წარმოება, იმპორტ-ექსპორტი, კომპიუტერული და სატელეკომუნიკაციო ქსელების პროექტირება, მშენებლობა, მონტაჟი და ექსპლუატაცია, პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და გავრცელება, კომპიუტერული სასწავლო ცენტრების შექმნა, ფუნქციონირება, ინტერნეტის სფეროში საქმიანობა, კომერციული საქმიანობა, საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ასევე კვების ობიექტების ექსპლუატაცია. თავდაპირველად კომპანიის 50-50%-იანი წილების მფლობელები ნატალია დავითაშვილი და ვლადიმერ ქვილითაია იყვნენ, დირექტორის თანამდებობასაც ვლადიმერ ქვილითაია იკავებდა. ამის შემდეგ მრავალი ცვლილება განხორციელდა და დღევანდელი მონაცემებით კომპანიის ერთადერთი და 100%-იანი წილის მფლობელი შპს გრინ სისტემს (ს/კ 404862190) არის, ხოლო დირექტორის თანამდებობას ლევან ჩაჩუა იკავებს.

შპს გრინ სისტემს (ს/კ 404862190) 2010 წელს დაარსებული კომპანიაა. აღნიშნული კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები კომპიუტერული ტექნიკის ყიდვა-გაყიდვა და სხვა კომერციული საქმიანობაა. საჯარო რეესტრის თავდაპირველი ამონაწერიდან ვიგებთ, რომ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ამ შემთხვევაშიც ნატალია დავითაშვილი იყო, ხოლო დირექტორის თანამდებობას დავით ბოლქვაძე იკავებდა. თუმცა 2013 წელს წესდებაში ცვლილებები განხორციელდა და კომპანიის ერთადერთი მეწილე და დირექტორი ლევან ჩაჩუა გახდა. 2019 წელს კიდევ ერთხელ განხორციელდა ცვლილება და მართალია ლევან ჩაჩუა კვლავ დირექტორის თანამდებობაზე დარჩა, თუმცა კომპანიას ორი ახალი მეწილე შეუერთდა-ნატალია დავითაშვილი(33%) და ვლადიმერ ქვილითაია (33%), შესაბამისად ლევან ჩაჩუა 34%-იანი წილის მფლობელი გახდა. დღევანდელი მონაცემებით კი ლევან ჩაჩუა კომპანიის 34%-იანი წილის მფლობელია, ხოლო ვლადიმერ ქვილითაია-66%, დირექტორი კვლავ ლევან ჩაჩუაა.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ პირი, რომელიც ორივე კომპანიაში დირექტორის თანამდებობს იკავებს-ლევან ჩაჩუა მმართველი პარტიის შემომწირველია, მან 2016 წელს ქართულ ოცნებას 10,000 ლარი შეწირა, ხოლო 2017 წელს – 60,000 ლარი.

წყაროები:

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400...]Zsyw8bYL -შპს გრინ პროჯექტი, 2011 წ.

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400... -შპს გრინ პროჯექტი, 2019 წ.

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFMWbUz9tHLSsIFvmu2h65iI= -შპს გრინ სისტემს, 2010 წ.

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400...]KLtzU]onaoRkMMQSTsynK3bDhCY8r1R - შპს გრინ სისტემს, 2020 წ.

 

რეგიონი გაფლანგულია წელი