კარტოგრაფების საქმის მოსამართლის ძმა ივანიშვილის კომპანიების დირექტორი იყო

ხატია ნიკოლაიშვილი

2018 წლამდე მოსამართლის ძმა, ლაშა სილაგაძე “თაბორი რიზორთსის”, “ჯორჯიან ეკო ტრანსპორტის” და “სპორტს ჰოტელ ენდ რიზორტის” დირექტორი იყო.

ლაშა სილაგაძემდე ამ კომპანიებში დირექტორის პოსტი ირაკლი ქარსელაძეს ეკავა, რომელიც ახლა ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილეა.

ლაშა სილაგაძის პარტნიორებს ქართული ოცნებისთვის 210,000 ლარზე მეტი აქვთ შეწირული.

მოსამართლე პაატა სილაგაძის ფინანსური ბიოგრაფიის შესწავლისას გაირკვა, რომ მისი ძმა, ლაშა სილაგაძე, დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილის სხვადასხვა კომპანიასთან, რომელთაგან სამის იურიდიული მისამართი ემთხვევა ბანკი „ქართუს“ ოფისის მისამართს (ჭავჭავაძის 39ა); მას კავშირი აქვს ივანიშვილის უახლოსი გარემოცვის წევრებთანაც.

ლაშა სილაგაძე 2018 წლის 29 ივლისამდე იყო შემდეგი სამი კომპანიის დირექტორი:

1) შპს „თაბორი რიზორთსი“
2) შპს „ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი“
3) შპს „სპორტს ჰოტელ ენდ რიზორტი“.

სამივე ორგანიზაციაში დირექტორის პოსტზე ლაშა სილაგაძე ერთმა პირმა, გიორგი თორაძემ ჩაანაცვლა.

აღსანიშნავია, რომ ეს კომპანიები შპს „ტურიზმის განვითარების ფონდის“ საკუთრებაშია, რომელიც დაფუძნებულია „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ მიერ. თანაინვესტირების ფონდი 2013 წელს ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაარსდა. მისი ფინანსური წვლილი ორგანიზაციაში ფონდის მთლიანი კაპიტალის 15%-ს შეადგენდა.
„ტურიზმის განვითარების ფონდი“, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პანამური ოფშორული სააქციო საზოგადოების FRANKSTON INTERNATIONAL S.A.-ის მფლობელობაშია (100%).

აქვე ხაზგასასმელია, რომ ვიდრე ლაშა სილაგაძე ზემოთ ჩამოთვლილ კომპანიებში დირექტორის თანამდებობას დაიკავებდა, ეს პოსტი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ პირს, ირაკლი ქარსელაძეს ეჭირა. იგი დღეისათვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილეა, ხოლო წარსულში თანაინვესტირების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორი იყო. ირაკლი ქარსელაძეს ეკუთვნის სარეგისტრაციო განცხადება შპს „თაბორი რიზორთსის“ შესახებ, სადაც შემდგომში ლაშა სილაგაძე გახდა დირექტორი.

მოსამართლე პაატა სილაგაძის ძმა დაკავშირებულია კიდევ ერთ პირთან, გელა კობერიძესთან. მის სახელზეა სარეგისტრაციო განცხადებების გაკეთება იმ ორ კომპანიაში (შპს „ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი“ და შპს „სპორტს ჰოტელ ენდ რიზორტი“), სადაც ლაშა სილაგაძე დირექტორის თანამდებობას იკავებდა. პარალელურად, გელა კობერიძე „ბლექ სი არენას“ დირექტორია, რომლის 100%-იანი წილის მფლობელიც არის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ოფშორული კომპანია LIMESTONE FINANCE INTERNATIONAL S.A. ბატონმა კობერიძემ 2012-2018 წლებში „ქართულ ოცნებას“ და, მასთან ერთად, სალომე ზურაბიშვილს, ჯამში, 11 ათასი ლარი შესწირა.

გოჩა ჩიკვილაძე კიდევ ერთი ადამიანია ბიძინა ივანიშვილის გარემოცვიდან, რომელთანაც პაატა სილაგაძის ძმას კავშირი აქვს. სამივე კომპანია, სადაც ლაშა სილაგაძე დირექტორის თანამდებობას იკავებდა, ბანკი „ქართუს“ იურიდიულ მისამართზეა რეგისტრირებული, რაზეც თანხმობა გაცემულია გოჩა ჩიკვილაძის მიერ. ბატონი ჩიკვილაძე წლების განმავლობაში ხელისუფლების აქტიური შემომწირველია. 2012-2020 წლებში მის მიერ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გაღებული თანხა 201,630 ლარს შეადგენს.

წყარო:

1. პაატა სილაგაძე, 2007 წელს შევსებული დეკლარაცია: https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/102006
2. ლაშა სილაგაძის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი განცხადება: https://naprweb.reestri.gov.ge/.../26629694/10/14482632
3. ინფორმაცია კომპანიების შესახებ: https://www.companyinfo.ge/ka/people/260020
4. საჯარო რეესტრი- განაცხადის საძიებო სისტემა: https://www.my.gov.ge/ka-ge/services/6/service/179
5. განაცხადის რეგისტრაციის ნომერი:B18039681;
6. განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B18070379;
7. განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B18092548;
8. განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B18039674;
9. განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B18070382;
10. განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B18051402;
11. გელა კობერიძე- პარტიების შემოწირულებები:
a. https://transparency.ge/politicaldonations/ge/donations/1072
12. გოჩა ჩიკვილაძე- პარტიების შემოწირულებები:
a. https://transparency.ge/politicaldonations/ge/donations/26
13. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ოფშორული კომპანიები და მათთან დაკავშირებული პირები: https://www.transparency.ge/.../bizina-ivanishviltan.../

რეგიონი გაფლანგულია წელი