კომპანია "ქართუ" სახელმწიფო ტენდერებში 2014 წელს გამოჩნდა 3,3 მილიონი მიიღო ქვეყნის ბიუჯეტიდან

ლიზა ქორიძე

სს “დაზღვევის კომპანია ქართუ” 2001 წლიდან არსებობს, თუმცა ელ.ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში მხოლოდ 2014 წლიდან ჩნდება.

2014 წლიდან დღემდე ბანკი ქართუს შვილობილმა კომპანიამ 3 მლნ. ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი მოიგო.

კომპანიამ 515 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულება უკონკურენტო გარემოში მიიღო, 107 ათასი ლარი კი გამარტივებული შესყიდვებით.

კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს ხუთმა წევრმა “ქართულ ოცნებას” და სალომე ზურაბიშვილს 523,800 ლარი შესწირა, დირექტორმა კი 55,600 ლარი.

სს “დაზღვევის კომპანია ქართუს” (ს/კ: 204970031) მონაწილეობა მიღებული აქვს 268 ელ.ტენდერსა და 32 გამარტივებულ შესყიდვაში. სადაზღვევო კომპანიამ 2014-2018 წლებში სულ 140 ტენდერში გაიმარჯვა და გამარჯვების შედეგად ჯამში 3,286,124 ლარი მიიღო, საიდანაც 514,631 ლარი უკონკურენტო გარემოში მიიღო, დაზღვევის კომპანიას 2018 წლის შემდეგ ელ.ტენდერში მონაწილეობა აღარ მიუღია. გამარტივებული შესყიდვების საერთო ღირებულება კი 2014-2020 წლებში 107,017 ლარს შეადგენს.

სს “დაზღვევის კომპანია ქართუ” (ს/კ 204970031) 2001 წელს დაარსდა. მისი დამფუძნებლები სს “ბანკი ქართუ” (60%) და შპს “ინტერ-სერვისი” (40%) იყვნენ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სს “დაზღვევის კომპანია ქართუ” და სს “ბანკი ქართუ” ერთსა და იმავე იურიდიულ მისამართზე არის რეგისტრირებული- ქ. თბილისი, ვაკის რაიონი, ჭავჭავაძის გამზ. 39ა.

საჯარო რეესტრში სს “დაზღვევის კომპანია ქართუ” მხოლოდ 2010 წლის შემდეგ გვხვდება. 2010 წლის ამონაწერის მიხედვით, იმ დროისთვის კომპანიის დირექტორი არჩილ მამაცაშვილი იყო, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, რაც შეეხებათ პარტნიორებს, ერთ-ერთი მათგანი კვლავ ბანკი “ქართუ” (ს/კ 204891652) იყო, რომელიც 69%-იან წილს ფლობდა, ხოლო მეორე პარტნიორი შპს რინგოლდ ფინანს ლიმიტედი, რომელსაც კომპანიის 31%-იანი წილი ეკუთვნოდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კომპანია 1999 წელს ქ. როად თაუნში ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე არის დაფუძნებული და რეგისტრირებული.

2010 წლის შემდეგ სადაზღვევო კომპანიის წესდებაში არა ერთი ცვლილება შევიდა, ბოლო მონაცემებით კომპანიას მმართველობის ორგანო- სამეთვალყურეო საბჭო ჰყავს, რომლის წევრი და თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანია , სამეთვალყურეო საბჭოს წევრია ალა კახნიაურიც და კახა კობიაშვილიც. ამასთანავე, შპს “დაზღვევის კომპანია ქართუ” სს “დაზღვევის კომპანია ქართუდ” გადაკეთდა.

გარდა ამისა, კომპანიას რამდენიმე დარგობრივი დირექტორიც ჰყავს, ფინანსური დირექტორის თანამდებობას გივი ლებანიძე იკავებს, აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მიქაბერიძეა, ხოლო გენერალური დირექტორი კვლავ არჩილ მამაცაშვილი.

სახელწიფო ტენდერებიდან ირკვევა რომ “სს დაზღვევის კომპანია ქართუ” ხშირად ზრუნავს სახელწიფო უწყებების ავტოპარკებზე. მაგალითად 2016 წელს ქართუმ დააზღვია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტორს ავტოპარკი, ასევე თბილისის მერიის ავტოპარკი.

მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ 2014 წელს ქ. თბილისის მერიამ ელ.ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 144,361 ლარს შეადგენდა და გამარჯვებულ კომპანიას თბილისის მერიის ავტოპარკი უნდა დაეზღვია. ტენდერში ოთხი სადაზღვევო კომპანია იღებდა მონაწილებას: სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი, სადაზღვევო კომპანია უნისონი, სადაზღვევო კომპანია ალფა და ასევე სადაზღვევო კომპანია ქართუ. საბოლოოდ სწორედ ქართუმ გაიმარჯვა ტენდერში და ხელშეკრულების თანახმად, მას ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ 110,671 ლარი უნდა მიეღო, თუმცა ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა და საბოლოოდ სადაზღვევო კომპანია თბილისის მერიისგან 106, 536 ლარი მიიღო.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ სადაზღვევო კომპანიის თითქმის ყველა პარტნიორი მმართველი პარტიისა და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველია.

მაგალითად, არჩილ მამაცაშვილს საერთო ჯამში 55,600 ლარი აქვს შეწირული, საიდანაც 2012-2020 წლებში მან 6-ჯერ შეწირა თანხა მმართველ პარტიას, ხოლო ერთხელ სალომე ზურაბიშვილს, მისი ბოლო შემოწირულობა 2020 წლის 12 აგვისტოთი თარიღდება.

გიორგი მიქაბერიძე ასევე ქართული ოცნების შემომწირველია, 2016-2020 წლებში მან პარტიას 87,000 ლარი შეწირა.

გიორგი მიქაბერიძეს თან მოსდევს ალა კახნიაური, რომელსაც 85,000 ლარი აქვს შეწირული ქართული ოცნებისა და სალომე ზურაბიშვილისთვის, აქედან ყველაზე მეტი-30,000 ლარი 2018 წელს შეწირა სალომე ზურაბიშვილს. ალა კახნიაური ბანკი ქართუს იურისტია.

2014 წლიდან გივი ლებანიძეც სალომე ზურაბიშვილისა და ქართული ოცნების შემომწირველია, მის მიერ შემოწირული თანხა 171,800 ლარს აღწევს, ბოლო შემოწირულობა 2020 წლის მარტში განხორციელდა, ამ პერიოდში მან ქართულ ოცნებას 45,000 ლარი შეწირა.

ყველაზე დიდი თანხა პარტნიორებიდან კახა კობიაშვილს აქვს შეწირული, 180,000 ლარი მან 2016-2020 წლებში შეწირა ქართულ ოცნებასა და სალომე ზურაბიშვილს, მისი ბოლო შემოწირულობაც 2020 წლის 12 აგვისტოთი თარიღდება.

წყაროები:

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400... - საჯარო რეესტრის 2010 წლის ამონაწერი.

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400... -საჯარო რეესტრის 2018 წლის ამონაწერი.

SPA140031350- თბილისის მერიის ტენდერი (2014წ)

SPA160027280- საგარეო საქმეთა სამინისტროს ტენდერი (2016წ.)

რეგიონი გაფლანგულია წელი