კორონავირუსის პერიოდში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ექსკურსიებზე 21 000 ლარი დახარჯა

ზაზა აბაშიძე

2019 წლის მხოლოდ 9 თვეში პრეზიდენტის ვიზიტებზე 1.35 მილიონი დაიხარჯა.

დარჩენილი კვარტლის ხარჯი გაურკვეველია, რადგან პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ბიუჯეტი შეცდომით ატვირთა.

2020 წლის აპრილი-სექტემბრის პერიოდში, სალომე ზურაბიშვილის ქვეყნის შიდა მივლინებები ბიუჯეტს ჯამში 21,364 ლარი დაჯდა. ამ მონაცემებში არ შედის კორონავირუსის გავრცელებამდე პერიოდი (იანვარი-მარტი), რა დროსაც პრეზიდენტის შიდა ვიზიტებზე 15,232 ლარი, ხოლო საგარეო გასვლებზე 236,312 ლარი დაიხარჯა. 2019 წლის მეორე კვარტლის ხარჯების ნაცვლად პრეზიდენტის ადმინისტრაციის საიტზე რაღაც სხვა დოკუმენტია გამოქვეყნებული და დარჩენილი სამი კვარტლის მონაცემებით პრეზიდენტის ვიზიტებში 1.35 მილიონი ლარი დაიხარჯა.

მივლინებების გარდა, ადმინისტრაციის ხარჯის მნიშვნელოვანი ნაწილი ავტომომსახურებაზე გადანაწილდა. 2019 წელს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ამ მიზნით ჯამში 173,848 ლარი დახარჯა. აქედან უშუალოდ საწვავის ხარჯი 125,407 ლარი იყო, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთებაზე 58,441 ლარი დაიხარჯა.

2019 წლის მონაცმებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბალანსზე 39 მანქანა იყო აღრიცხული, რაც 7 ერთეულით ჩამოუვერდება 2018 წლის მონაცემბს. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, წელს ეს ავტომობილები ადმინისტრაციის ბალანსზე აღარ ირიცხება და გასხვისებულია. ხაზგასასმელია, რომ 2018 წელთან შედარებით, საწვავის ხარჯი დაახლოებით 130,000 ლარით არის შემცირებული, რაც ნაწილობრივ იმითაც შეიძლება იყოს განპირობებული, რომ ავტოპარკის რაოდენობა შემცირდა.

2020 წლის პირველი 8 თვის მონაცემებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას 3 მილიონ ლარზე მეტი აქვს დახარჯული, საიდანაც თანხის ნახევარი თანამშრომლების ანაზღაურებას მოხმარდა. უხეში დათვლებით, პრეზიდენტის შენახვა ყოველთვიურად ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გვიჯდება.

წყარო: 1) https://bit.ly/368Kp9m; 2) https://bit.ly/3oVLdqM 3) https://bit.ly/3mTwN8I

რეგიონი გაფლანგულია წელი