"ოცნების" შემომწირველის, დავით ჯიბლაძის კომპანიამ 15 მილიონი მიიღო

ელენე აბდუშელიშვილი

შპს “საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფმა” პირველი, 9 მილიონის ღირებულების ტენდერი გამოცდილების გარეშე, უკონკურენტოდ მოიგო.

ხელშეკრულების დადებამდე 4 დღით ადრე, ჯიბლაძემ “ქართულ ოცნებას” 20,000 ლარი შესწირა.

მეორე ტენდერი კომპანიამ კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოიგო და ხელშეკრულება 5.7 მილიონ ლარზე გაუფორმდა.

იმერეთის რეგიონში კომპანიამ ჯამში 14 ტენდერი მოიგო, რომელთა საერთო ღირებულება 13 მილიონია, ხოლო კახეთში მოგებული 7 ტენდერის ღირებულება – 9 მილიონი.

დავით ჯიბლაძე „ქართული ოცნების“ შემომწირველი 2014 წელს გახდა. პირველი შემოწირულობა მან 2014 წლის 28 აპრილს განახორციელა 5,000 ლარის ოდენობით. მეორე 2016 წლის 5 ივლისს - 4 000 ლარი. დავით ჯიბლაძემ ბოლოს 2017 წლის 11 სექტემბერს შეწირა მმართველ გუნდს 20,000 ლარი.

შპს „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი“ (400165405) 2016 წლის 2 მარტს დარეგისტრირდა, განაცხადი კი 1 მარტს შეიტანა, მას მერე, რაც პირველი შემოწირულობა განახორციელა. კომპანიის 50% მფლობელი და დირექტორი სწორედ ის გახლდათ.

2017 წლის 26 დეკემბერს დავით ჯიბლაძემ, მის პარტნიორს და ასევე 50% წილის მფლობელ ზვიად ასათიანს გადაულოცა მისი აქციები და სწორედ ის გახდა კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი. ჯიბლაძემ ასევე დატოვა დირექტორის თანამდებობა და მისი ადგილი დაიკავა იოვანე სიხარულიძემ. კომპანია აგრძელებს ტენდერების უკონკურენტოდ მოგებას. კომპანიაში ჯიბლაძის ყოფნის დროს 14,704,488 ლარის ხელშეკრულება გაფორმდა, ხოლო მისი წასვლის შემდეგ - 9,875,856 ლარის.

საინტერესოა კომპანიის პირველი ტენდერი (NAT170007678), რომელიც უკონკურენტოდ და გამოცდილების გარეშე მოიგო. დავით ჯიბლაძეს, ოცნებისთვის უკვე ორჯერ ჰქონდა შეწირული თანხა. 2017 წლის 18 აგვისტოს იგი გამარჯვებულად დასახელდა. 11 სექტემბერს მმართველ პარტიაში მესამე გადარიცხვაც განახორციელა 20 000 ლარის ოდენობით, ხელშეკრულებას კი 15 სექტემბერს მოეწერა ხელი. აღნიშნული ტენდერი ქუთაისის მერიამ გამოაცხადა, რომელიც ითვალისწინებდა 2017, 2018, 2019 წლებში ქუთაისის, ვანის თერჯოლის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ხონის, ბაღდათის, ზესტაფონის, სამტრედიის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის საჭირო და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი პროექტების, საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურეობას. კომპანიას 7,115,958 ლარი ჩაერიცხა ტენდერის სანაცვლოდ, ხელშეკრულება კი 9,031,084 ლარზე გაფორმდა.

მეორე ტენდერში (NAT170007716) ერთმანეთს დაუპირისპირდნენ შპს „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი“ და შპს „ექსპერტ ჰაუსი“. ტექნიკური დოკუმენტების არქონის გამო დისკვალიფიკაცია მიიღო შპს „ექსპერტ ჰაუსმა“, რომელსაც პროექტისთვის საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფზე ნაკლები თანხა ჰქონდა გაწერილი. ხელშეკრულება 5,673,404 ლარზე გაფორმდა, გადახდილი თანხა კი 4,168,930 ლარია. ტენდერი თელავის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა. ტენდერი პირველის იდენტურია და მოიცავს კახეთის რეგიონს.

შპს „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფს“ სულ 68 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, აქედან 41 გამარჯვებით დასრულდა. მოგებული ტენდერების სახელშეკრულებო თანხა შეადგენს 24,580 345 ლარს, ხოლო ფაქტობრივად ჯერჯერობით გადახდილია 14,542,793 ლარი. ამხელა სხვაობა გამოიწვია იმან, რომ კომპანიის მოგებული ტენდერების გარკვეული ნაწილი მიმდინარეა, სადაც მხოლოდ მიზერული თანხაა გადახდილი. უკონკურენტოდ მოგებული ტენდერების რაოდენობა 23-ია და ხელშეკრულება 14,048,798 ლარზე გაფორმებული, დისკვალიფიკაციით კი 4 ტენდერი მოიგო და მათი სახელშეკრულებო თანხა 6,674,589 ლარია.

ტენდერები კი ასეა გადანაწილებული (მიმდინარე ტენდერების გამო თანხები სრულად არაა გადახდილი. სწორედ ამიტომ, ფაქტობრივი თანხა ნაკლებია სახელშეკრულებოზე):

1. იმერეთი- 14 ტენდერი (ქუთაისი-2, ჭიათურა-2, საჩხერე-2, სამტრედია-2, ზესტაფონი-2, ვანი-1, ხარაგაული-1, ბაღდათი-1, თერჯოლა-1( ფაქტობრივი - 8,810,613, სახელშეკრულებო- 13,154,482 ლარი) )

2. შპს საქართველოს მელორაცია - 10 ტენდერი ( ფაქტობრივი - 15 175 სახელშეკრულებო - 572,979 ლარი)

3. კახეთი - 7 ტენდერი ( თელავი-2, გურჯაანი-1, სიღნაღი-1, დედოფლისწყარო-1, საგარეჯო-1 ახმეტა- 1( ფაქტობრივი - 5,102,386, სახელშეკრულებო 8,950,397 ლარი)

4. ქალაქ თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობა-4 ტენდერი (ფაქტობრივი - 36,863, სახელშეკრულებო - 38,799 ლარი)

5. შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია - 2 ტენდერი( ფაქტობრივი - 353,406, სახელშეკრულებო - 1,475,633 ლარი)

6. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს გზების დეპარტამენტი - 1 ტენდერი ( ფაქტობრივი - 140,000, სახელშეკრულებო - 198,709 ლარი)

7. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო - 1 ტენდერი ( ფაქტობრივი - 7 700, სახელშეკრულებო - 7,700 ლარი)

8. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - 1 ტენდერი ( ფაქტობრივი გადახდა ჯერ არ არის, სახელშეკრულებო - 72,700 ლარი)

9. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო-1 ტენდერი ( ფაქტობრივი- 30,858 სახელშეკრულებო - 68,950 ლარი).

წყაროები:

1. https://tenders.procurement.gov.ge/public/?lang=ge#

2. https://companyinfo.ge/ka/corporations/262941

3. https://companyinfo.ge/ka/people/9758

4. https://www.transparency.ge/politicaldo.../ge/donations/3345

5. https://enreg.reestri.gov.ge/main.php?m=new_index

რეგიონი გაფლანგულია წელი
იმერეთი