სანდრო ნერგაძე სალომე ზურაბიშვილის შემწირველია. მისმა კომპანიამ ტენდერი შეწირვიდან 2 თვეში მოიგო

ელენე აბდუშელიშვილი

 სანდრო ნერგაძე სულ 15 კომპანიასთანაა დაკავშირებული, საიდანაც 7 კომპანია სახელმწიფო ტენდერებში აქტიურად მონაწილეობს;

2018 წლის 16 ოქტომბერს მან პრეზიდენტობის სალომე ზურაბიშვილს 15,000 ლარი შესწირა;

თანხის შეწირვიდან ორ თვეში, ნერგაძის შპს „ქუთაისის ტრანსპორტმა“ 113,772 ლარის ტენდერი გამოცდილების გარეშე და უკონკურენტოდ მოიგო.

ნერგაძის კომპანიებიდან ყველაზე ძველი 2004 წელს დაფუძნდა და დაარსებიდან 2018 წლამდე მათ ჯამში 515 ათასი ლარის ტენდერები მოიგეს, ხოლო 2018 წლიდან დღემდე, უკვე მოასწრეს 383 ათასი ლარის ტენდერებში გამარჯვება.

სანდრო ნერგაძე, სალომე ზურაბიშვილის შემწირველი 2018 წლის 16 ოქტომბერს გახდა, როდესაც წინასაარჩევნოდ 15 000 ლარი გადარიცხა. მის სახელთან დაკავშირებულია 15 კომპანია, აქედან 7 ტენდერებში იღებს მონაწილეობას. რაც ნერგაძე შემომწირველი გახდა, 2018 წლიდან დღემდე, მისმა კომპანიებმა 383,445 ლარის ტენდერებში გაიმარჯვეს, საიდანაც 259,139 ლარი უკვე ჩარიცხულია.

Აღნიშნულ კომპანიებს რამდენიმე მიმდინარე ტენდერი აქვთ და ჯერჯერობით თანხის მხოლოდ ნაწილია გადარიცხული.

მოკლედ გაგაცნობთ ამ კომპანიებს და მათ მიერ მოგებულ ტენდერებს:

1. შპს „ქუთაისის ტრანსპორტს“ (412729819) ერთადერთ ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული. ტენდერის ღირებულება 113,772 ლარი იყო. ტენდერამდე ორი თვით ადრე, კომპანიის დირექტორი და მეწილე, სანდრო ნერგაძე, სალომე ზურაბიშვილის შემწირველი გახდა. კომპანიამ კი ორი თვის შემდეგ აღნიშნული ტენდერი გამოცდილების გარეშე და უკონკურენტოდ მოიგო.

2. შპს „ტრანსპორტი 2016“ (425054987) სულ 20 ტენდერში მონაწილეობდა, 10-ში კი გაიმარჯვა. 5 ტენდერი კომპანიამ კონკურენტის გარეშე მოიგო. სახელმწიფომ კომპანიას 162,172 ლარი გადაუხადა.

3. შპს „ქუთაისის ავტოტრანსპორტმა“ (425055101) 11 ტენდერში მიიღო მონაწილეობა და 10-ში გაიმარჯვა. მეთერთმეტე ტენდერზე თვითონ კომპანიამ არ დადო ხელშეკრულება, რომელიც უკონკურენტოდ ქონდა მოგებული. დანარჩენ 10 ტენდერშიც კომპანიამ კონკურენტების არარსებობის ხარჯზე გაიმარჯვა. სახელმწიფომ კი ჯერჯერობით 131,055 ლარი გადაუხადა, რადგან კომპანიას აქვს მიმდინარე ტენდერები რომელთა თანხები სრულად არ არის ჩარიცხული.

4. შპს „სამგზავრო ქუთაისი“ (თეგეტა მოტორსი ქუთაისი) (212823202) - სულ 4 ტენდერი და 1 გამარჯვება, კონკურენტის გარეშე. კომპანიის საბოლოო შეთავაზება 3,800 ლარი იყო.

5. შპს „გადამზიდავი 2017“ (412718894) - 13 ტენდერიდან 6 გამარჯვება, აქედან ორი კონკურენტების დისკვალიფიკაციით, ორი კი უკონკურენტოდ. ერთ შემთხვევაში კომპანიამ ფასის დაკლების გარეშე გაიმარჯვა (ტენდერში მონაწილე ორივე კომპანიას ანალოგიური თანხები ჰქონდათ შეთავაზებული). სულ შპს „გადამზიდავი 2017“-ს სახელმწიფომ 202,262 ლარი გადაუხადა.

6. შპს „ქუთაისის ავტოტრანსპორტი 2018“ (412733305) - 10 ტენდერიდან 7 მოგებული აქვს და ყველა კონკურენტის გარეშე, რომელთა საერთო ჯამი 123,446 ლარია.

7. შპს „ბაღდათის ავტოტრანსპორტი“ (412750562) - 2 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული და გამარჯვებით არცერთი დასრულებულა. როგორც ჩანს ნერგაძის ავტოსატრანსპორტო საშუალებები მხოლოდ ქუთაისის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ და ბაღდათში ჯერჯერობით ფეხს ვერ იკიდებს.

წყაროები:

1. https://tenders.procurement.gov.ge/public/?lang=ge#
2. https://enreg.reestri.gov.ge/main.php?m=new_index
3. https://transparency.ge/politicaldonations/ge/donations/8908
4. https://www.companyinfo.ge/ka/people/116110

რეგიონი გაფლანგულია წელი
იმერეთი