თბილისის მერია დამატებით 616 ათასს დახარჯავს ცარიელი ქუცების განათებაში

ლიზა ქორიძე

2019 წელს თბილისის მერიამ 3.17 მილიონი ლარი დახარჯა საშობაო ნაძვის ხის შეძენაში და თბილისის ქუჩების მორთვისთვის.

2020 წელს დასახარჯი 616 ათასი ლარიდან - 104 ათასი შარშან მილიონ ლარად შესყიდული ნაძვის ხის გადაკეთებას მოხმარდება.

წელს მერიის კომპანიამ პირდაპირი შესყიდვით ხელშეკრულება გაუფორმა კომპანიას, რომელმაც იგივე ტენდერში დისკვალიფიკაცია მიიღო;

თბილისის მერიამ და მისმა კომპანიამ 2017-2020 წლებში სულ 5,064,886 ლარი დახარჯა მხოლოდ საახალწლო განათებებში.

ქ. თბილისის მერიის კომპანია, შპს თბილსერვის ჯგუფმა, საახალწლო განათებებსა და ქუჩების გაფორმების სამუშაოებზე ორი სახელმწიფო შესყიდვა გააკეთა. 2020 წლის 27 ოქტომბერს კომპანიამ 419,840 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა კომპანია შპს ბენ 3-ს. კომპანია საახალწლო გირლიანდებს მიაწვდის თბილისის მერიას. ამავე კომპანიას 2019 წელს ნახევარ მილიონ ლარამდე (472,980 ლ) ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა მერიამ საახალწლო განათებებისთვის.

მეორე შესყიდვა თბილსერვის ჯგუფმა, 2020 წლის 28 ოქტომბერს გააკეთა. კომპანიამ 195,800 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა კომპანია შპს “ღამის შოუს სტუდიასთან”. სახელმწიფო შესყიდვის საგანი - საახალწლო გასანათებელი მოწყობილობების და აქსესუარების, ნაძვის ხის მორთვა გაფორმების სამუშაოების მომსახურების შეძენაა. საახალწლო განათებები დედაქალაქში 2020 წლის 4 დეკემბრამდე უნდა დამონტაჟდეს. მომსახურების შეძენა პირდაპირი წესით მოხდა, ანუ გადაუდებელი აუცილებლობით. მომსახურების გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდვა დასაბუთებული იყო იმით, რომ იყო რისკი, რომ მიმწოდებელი კომპანიის დროულად ვერ შერჩევის გამო, ქალაქში განათებების დაყენება დაგვიანდებოდა.

თბილსერვის ჯგუფმა 18 სექტემბერს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი იგივე მომსახურების შეძენაზე. ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ მიიღო (შპს ღამის შოუს სტუდია და შპს ჯეო სტრიმი). ელექტრონული ტენდერი ჩაიშალა და მოხდა ორივე კომპანიის დისკვალიფიკაცია. საინტერესოა, რომ მოგვიანებით გამარტივებული შესყიდვის გზით მოხდა ხელშეკრულების გაფორმება კომპანია ღამის შოუს სტუდიასთან, იმავე მომსახურების შესაძენად სადაც ერთხელ უკვე მოხდა მისი დისკვალიფიკაცია.

კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ თბილისის მერია 2019 წელს მილიონ ლარად შესყიდული საშობაო ნაძვის ხის გადაკეთებას გეგმავს. კერძოდ, თბილისის მერიის კომპანია 103,850 ლარს გადაიხდის ნაძვის ხის ტოტების დასამატებლად და არსებულის გადასაკეთებლად ახალ ზომებზე. ნაძვის ხე, რომელიც თბილისის მერიის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული საახალწლო შენაძენი იყო, წელს დამატებით თანხებს საჭიროებს. შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ 3,177,944 ლარი გადაიხადა 2019 წელს ახალი საშობაო ნაძვის ხის და ქუჩების მოსართავი სათამაშოების შესაძენად. ხოლო დარჩენილი თანხა (81,950 ლარი) საახალწლო ნათურების და გირლიანდების დაყენებისთვის დაიხარჯება.

რაც შეეხება ინფომაციას მომსახურების კომპანიის შესახებ, შპს ღამის შოუ სტუდია 2007 წელს დაარსდა. აღნიშნული კომპანია 2013 წლიდან იღებს მონაწილეობას ელ. ტენდერებში, სულ 21 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, საიდანაც 7 შემთხვევაში გაიმარჯვა. სახელმწიფო შესყიდვების გზით კომპანიას 2013-2020 წლებში 323,865 ლარი აქვს მიღებული, აქედან 220,621 ლარი კომპანიამ უკონკურენტოდ მიიღო. კომპანიის ძირითადი შემსყიდველი დაწესებულებები არიან: საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია/რადიო და ქ.თბილისის მერია.

2012-2020 წლებში ღამის შოუს სტუდიამ 1,148,825 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა სახელმწიფო სტრუქტურებთან პირდაპირი შესყიდვის გზით.

ბოლო ხელშეკრულება კომპანიამ თბილსერვის ჯგუფთან გააფორმა. ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც ღამის შოუს სტუდია, თბილისის მერიის კომპანიის დაკვეთით ახორციელებს საახალწლო განათებებთან დაკავშირებულ სამუშაოებს. 2018 წლის 18 დეკემბერს თბილსერვის ჯგუფმა 149,180 ლარის ხელშეკრულება გაუფორმა კომპანიას იგივე მომსახურეობისთვის (საახალწლო განათებები).

2020 წლის ნოემბრის მდგომარეობით, თბილისის მერიამ 615,640 ლარის ღირებულების შესყიდვა გააკეთა საახალწლო განათებებისა და მასთან დაკავშირებული სამუშაოების შესაძენად.

2017-2020 წლებში, თბილისის მერიამ და მისმა კომპანიამ, 5,064,887 ლარი დახარჯა მხოლოდ საახალწლო განათებებში. აღნიშნულ თანხაში არ იგულისხმება საახალწლო ინსტალაციები და საშობაო ნაძვის ხეები.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო შესყიდვები რომელიც ეხება საახალწლო ღონისძიებებს ხშირად პირდაპირი შესყიდვით ხდება. პირდაპირი შესყიდვის ერთ-ერთი წინაპირობა (როდესაც მსხვილ თანხებზეა საუბარი) არის გადაუდებელი აუცილებლობა. ისეთი დღესასწაული როგორიც ახალი წელი და შობაა, ყოველწლიური მოვლენაა და არ უნდა საჭიროებებს შესყიდვების დღესასწაულების ერთი ან ორი თვით ადრე ორგანიზებას. მაგალითად, 2017 წლის დეკემბრის თვეში თბილსერვის ჯგუფმა 609,605 ლარის პირდაპირი შესყიდვა გააკეთა გადაუდებელი აუცილებლობით, საახალწლო განათებების შესაძენად.

წყარო:

სახელმწიფო ტენდერის კოდი, შპს თბილსერვის ჯგუფი: NAT200014651

სახელმწიფო ტენდერის კოდი, შპს თბილსერვის ჯგუფი: CMR200127039

შპს თბილსერვისის მიერ გაფორმებული ხელშეკრლება შპს ღამის შოუს სტუდიასთან:

https://www.scribd.com/document/

სახელმწიფო ტენდერის კოდი, შპს თბილსერვის ჯგუფის ჩაშლილი ტენდერები: NAT200014650;

ქ.თბილისის მერიისა და შპს თბილსერვის ჯგუფის მიერ საახალწლო განათებების სახ. შესყიდვების ცხრილი:

https://www.scribd.com/document/

კომპანია შპს “ ღამის შოუ სტუდიას” ამონაწერი საჯარო რეესტრიდან:

https://www.scribd.com/document/483977170/Na-Pen-14949040623

ფლანგვის დეტექტორი, “თბილისის მერია ნაძვის ხეს მილიონ ლარად ყიდულობს..”:

http://sadplan.ge/.../tbilisis-meria-nadzvis-khes-milion...

რეგიონი გაფლანგულია წელი