ცესკო საარჩევნი წელს ბიუჯეტს ვერ ითვისებს

ხატია ნიკოლაიშვილი

საქართველოს მთავრობამ 2020 წელს არჩევნების ჩატარების ღონისძიებებისათვის ჯამში 42,760,652 ლარი გამოყო.

3-თვიანი გეგმის მიხედვით, ცესკო-ს ღონისძიებებში 652,000 ლარი უნდა დაეხარჯა, საიდანაც მხოლოდ 36,086 ლარი დახარჯა.

2019-ში, არასაარჩევნო წელს, ცესკომ გამოყოფილ თანხაზე 4.5 მილიონით მეტი დახარჯა, საარჩევნო წელს კი თანხები ვერ აითვისა.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის დაფინანსება 2020 წელს 72,569,700 ლარს შეადგენდა. წლის განმავლობაში თანხები შემდეგ 4 პროგრამაზე იყო გადანაწილებული: ა) საარჩევნო გარემოს განვითარება; ბ) საარჩევნო ინსტიტუციის განვითარების და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა; გ) პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის დაფინანსება; დ) არჩევნების ჩატარების ღონისძიებები;

არჩევნების ჩატარების ღონისძიებების პროგრამისათვის 2020 წლის ბიუჯეტით 42,760,700 ლარი იყო გამოყოფილი, რომელიც მკვეთრად აღემატება სხვა პროგრამებისათვის გამოყოფილ თანხებს. წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით აღნიშნული პროგრამის განსახორციელებლად ცესკო-ს პირველ კვარტალში (პირველი 3 თვე) 652,000 ლარი უნდა დაეხარჯა, თუმცა 3 თვის განმავლობაში ცესკომ მხოლოდ 5.5% აითვისა, რაც ჯამში 36,086 ლარს შეადგენს.

არჩევნების ჩატარების ღონისძიებეზე ცესკო ყოველწლიურად გარკვეულ თანხას იღებს ბიუჯეტიდან. ცესკო-ს დაფინანსება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საარჩევნო წელს მნიშვნელოვნად იზრდება. აქედან, გამომდინარე კითხვის ნიშანს აჩენს ცესკო-ს მიერ საარჩევნო ღონისძიებებზე დახარჯული 4,702,903 ლარი 2019 წელს, როდესაც არ იყო საარჩევნო წელი.

სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით 2019 წელს ცესკო-მ საარჩევნო ღონისძიებების გატარებაზე 200,000 ლარი გამოყო, რომელიც 12 თვის განმავლობაში უნდა ათვისებულიყო. თუმცა, ცესკო-მ მის მიერ დამტიკებულ გეგმას 2,336%-ით გადააჭარბა და 200, 000 ლარის ნაცვლად 4,702,903 ლარი დახარჯა.

საინტერესოა, რატომ დახარჯა ცესკო-მ გათვალისწინებულ გეგმაზე მეტი თანხა არასაარჩევნო წელს, როდესაც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების დროს 3 თვიან გეგმასაც (652.000 ლარი) ვერ ითვისებს?

არჩევნების ჩატარების ღონისძიებების პროგრამის შემცველი კომპონენტების დროული განხორციელება არჩევნებამდე არსებითად მნიშვნელოვანია. აღნიშნული პროგრამა მოიცავს, როგორც არჩევნების ჩატარებისათვის საჭირო ინვენტარის შესყიდვას, საგანმანათლებლო პროგრამებს ამომრჩეველთათვის, ისე კვალიფიკაციის ამაღლებას კომისიის წევრებისათვის.

უფრო დეტალურად კი პროგრამა შემდეგი კომპონენტებისგან შედგება:

1. არჩევნების დაგეგმვა და სამართლებრივი, ორგანიზაციული, ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
2. არჩევნების ჩატარებისათვის საჭირო ინვენტარის შესყიდვა;
3. კომპეტენციის ფარგლებში საარჩევნო დავების განხილვა;
4. საარჩევნო პერიოდში საიმიჯო კამპანიის წარმოება;
5. ამომრჩევლისათვის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება
6. ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შექმნის უზრუნველყოფა;
7. გენდერულად დაბალანსებული და თანასწორი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
8. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა კვალიფიკაციის ამაღლება.

წყარო:

ცესკო-ს დადგენილება: https://matsne.gov.ge/ka/
ბიუჯეტის მონიტორი 2020: https://budgetmonitor.ge/ka/
2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი https://www.mof.ge/5261
ბიუჯეტის მონიტორი 2019: https://budgetmonitor.ge/ka/
2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი: https://www.mof.ge/5187

რეგიონი გაფლანგულია წელი