გიორგი ნონიაშვილმა უზენაეს სასამართლოში პროცესი მოიგო

თარიღი: 7 აგვ. 2019

"ფლანგვის დეტექტორის" მკვლევარმა გიორგი ნონიაშვილმა უზენაეს სასამართლოში პროცესი მოიგო.

უზენაესმა სასამართლომ პირველად იმსჯელა საქართველოში სოციალურ ქსელებში ოფიციალური ორგანოს მიერ გამოხატვის თავისუფლების შესაძლო შეზღუდვის შესახებ. თავისი განჩინებით მან ერთი მხრივ, დავის განხილვა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას დაავალა, მეორე მხრივ კი მიუთითა, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ მოქალაქის კომენტარების წაშლა პოტენციურად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.

იურისტი გიორგი ნონიაშვილი, რომლის კომენტარიც იუსტიციის სამინისტრომ ოფიციალური Facebook-გვერდიდან წაშალა, რადიო თავისუფლებასთან უზენაეს სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილების არსს განმარტავს.

განჩინება არის იმის საფუძველი, რომ თუკი ადმინისტრაციული/საბიუჯეტო ორგანო სოციალურ ქსელში მოქალაქის კომენტარს შეზღუდავს, ეს ჩაითვალოს გამოხატვის თავისუფლების დარღვევად.

როგორც გიორგი ნონიაშვილი გვიყვება, საქმე 2019 წლის მარტში დაიწყო, როდესაც იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებდა თამაზ ახობაძის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას. განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით ნონიაშვილი სხვა აქტივისტებთან ერთად მონაწილეობდა იუსტიციის სამინისტროსთან ახობაძის მხარდამჭერ აქციებში.

რამდენიმე დღეში (თამაზ ახობაძის შიმშილობის შემდეგ) იუსტიციის სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა იმის შესახებ, რომ მზად იყო გადაწყვეტილების აღსრულებისთვის. თუმცა ნონიაშვილს განცხადების ტონალობა არ მოეწონა და იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ Facebook-გვერდზე კომენტარი დაწერა, რომელიც სამინისტრომ წაშალა.

გიორგი ნონიაშვილმა ამის გამო იუსტიციის სამინისტროს თბილისის საქალაქო სასამართლოში უჩივლა. იურისტი ამტკიცებდა, რომ კომენტარის წაშლით და სამინისტროს გვერდის მიერ მისი ანგარიშის დაბლოკვით, სახელმწიფომ მისი გამოხატვის თავისუფლება შეზღუდა, ვინაიდან, ნონიაშვილის განმარტებით, საბიუჯეტო ორგანოების მხრიდან სოციალური ქსელების მართვა ადმინისტრაციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს.

Facebook-თან დაკავშირებულმა საქმემ პირველი ინსტანციის სასამართლოში გაურკვევლობა გამოიწვია. ჯერ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ ეს საკითხი მისი განსჯადობის საკითხი არ იყო და ის კერძო დავად შეაფასა. არც საქალაქო საქმეთა კოლეგიამ შეაფასა საქმის განხილვა საკუთარ კომპეტენციად.

ორ კოლეგიას შორის წარმოქმნილი დავა - ვის უნდა განეხილა გიორგი ნონიაშვილის საქმე - უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა.

გადაწყვეტილებაში კი გიორგი ნონიაშვილი ხისტ ტონალობას ხედავს - უზენაესმა სასამართლომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას პირდაპირ უკარნახა, როგორ უნდა გადაწყდეს ეს საქმე:

„განსახილველ შემთხვევაში პოტენციურად სახეზეა იუსტიციის სამინისტროსმხრიდან მოსარჩელის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლითა და ადამიანისუფლებათა და ძირითად თავისუფლეაბთა დაცვის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა", - ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების: მაია ვაჩაძის, ნუგზარ სხირტლაძის და ბესარიონ ალავიძის განჩინებაში, რომელიც ნონიაშვილმა რადიო თავისუფლებას მიაწოდა.

როგორც ნონიაშვილი განმარტავს, უზენაესმა სასამართლომ ამ საქმეში დაინახა გამოხატვის თავისუფლების დარღვევა.

„ყველა ის ქმედება, რომელსაც სოციალურ ქსელებში ატარებენ ადმინისტრაციული ორგანოები, შეგვიძლია, მივიჩნიოთ, სახელმწიფოს ქმედებად. შესაბამისად, იუსტიციის სამინსიტროს Facebook-გვერდიდან ჩემი კომენტარი სოციალური მედიის მენეჯერმა კი არ წაშალა, არამედ ეს გააკეთა სახელმწიფომ. ხოლო, თუ ამ გადაწყვეტილების შემდეგ ადმინისტრაციული ორგანო მოქალაქის კომენტარს შეზღუდავს, ეს იქნება კანონის დარღვევა“, - აცხადებს იურისტი.

ნონიაშვილის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ უზენაესი სასამართლოს უშუალოდ შინაარსზე არ უმსჯელია, საქმის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისთვის ასეთი განჩინებით დაბრუნება, მნიშვნელოვანი პრეცედენტია.

მომზადებულია "რადიო თავისუფლბის" მასალების მიხედვით

მსგავსი სიახლეები

7 მარ. 2020

"ფლანგვის დეტექტორის" მხარდაჭერა აჭარის ტელევიზიას

ვაკვირდებით აჭარის ტელევიზიაში განვითარებულ მოვლენებს და სამწუხაროდ, მორიგ ჯერზე ვხედავთ, რომ ხელისუფლებას დამოუკიდებელი და თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზიის დამორჩილება აქვს განზრახული. უკანასკნელი წლების განმავლობაში, აჭარის ტელევიზია ჭეშმარიტად საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო, რომელიც სტანდარტების დაცვისა და პროფესიონალიზმის თვალსაზრისით მისაბაძ მაგალითს წარმოადგენდა. ფლანგვის დეტექტორის სახელით, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჟურნალისტთა გუნდს, რომლებიც უკან დახევას არ აპირებენ და საკუთარი უფლებების დაცვას ბოლომდე განაგრძობენ. ჩვენ შევეცდებით, რომ ეს საკითხი ყველა საერთაშორისო პარტნიორის ყურამდე მივიტანოთ და ხელისუფლების უხეში ჩარევის მცდელობას ამ გზით ხელი შევუშალოთ.

17 ოქტ. 2019

 ფლანგვის დეტექტორის გუნდს იურისტი და სამოქალაქო აქტივისტი ნოდარ ჩაჩანიძე შემოუერთდა

 ფლანგვის დეტექტორის გუნდს იურისტი და სამოქალაქო აქტივისტი ნოდარ ჩაჩანიძე შემოუერთდა. 2019 წელს ჭიათურის საკრებულოს შუალედურ არჩენვებში, ნოდარ ჩაჩანიძემ დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მიიღო მონაწილეობა და ხმების 24% მიიღო. იგი არის საზოგადოებრივი მოძრაობა "მომავლის ჭიათურის" ერთ-ერთი დამფუძნებელი. ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს ჭიათურაში არსებული პრობლემების აქტუალიზაციასაა და გადაჭრაზე. პროფესიული საქმიანობის მიღმა, ნოდარ ჩაჩანიძე აქტიურად მონაწილეობდა მხიარულთა და საზრიანთა კლუბის თამაშებში. ამ კუთხით განსაკუთრებით გამოსარჩევია უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პროექტ "სიცილის ლიგაში" მონაწილეობა საქართველოს ნაკრების კაპიტნის რანგში.

27 სექ. 2019

"ფლანგვის დეტექტორმა" ამერიკული ორგანიზაცია National Endowment For Democracy (NED) სახით, კიდევ ერთი საერთაშორისო პარტნიორი შეიძინა

რამდენიმე დღის წინ საბოლოოდ დასრულდა მოლაპარაკებები, რის შედეგადაც "ფლანგვის დეტექტორმა" ამერიკული ორგანიზაცია National Endowment For Democracy (NED) სახით, კიდევ ერთი საერთაშორისო პარტნიორი შეიძინა. მოხარული ვართ, რომ ასეთი რანგის ორგანიზაციასთან თანამშრომლობის საშუალება მოგვეცა. NED-ი მზად აღოჩნდა, რომ მხარი დაეჭირა და კიდევ უფრო მეტად გაეძლიერებინა ჩვენი მედია პროექტი. ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს სხვადასხვა ახალი პროექტის შექმნაზე და უახლოეს მომავალში, კიდევ რამდენიმე სასიამოვნო სიახლეს გაგიზიარებთ.