მეტროს გაფიცული მემანქანეები

*რთული სამუშაო პირობების გამო, მემანქანეების 60% საპენსიო ასაკამდე ვერ აღწევს. 
*240 მემანქანე ითხოვს, ხელფასი მესამედით გაიზარდოს, რაც დამატებით 1.7 მილიონს საჭიროებს. 
*დაახლოებით ამავე ღირებულების საწვავს უფინანსებს ქალაქი საკრებულოს რამდენიმე მანქანას ბოლო 5 წლის განმავლობაში. 

------------------------

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამჟამად 240 მეტროს მემანქანე მუშაობს. ისინი თვეში დაახლოებით 150 საათი მუშაობენ. საათობრივი ანაზღაურება 8.65 ლარის შეადგენს, რომლის 20% ექვითებათ და ხელზე 6.92 ლარი გამოსდით. ანუ ამჟამად მემანქანის ხელფასი თვეში დაახლოებით 1040 ლარია, თუმცა ვინაიდან ზოგჯერ ღამის ცვლაში უწევთ დარჩენა, საათობრივი ანაზღაურება ოდნავ იზრდება და საბოლოო ჯამში ისინი ხელზე საშუალოდ 1150 ლარს იღებენ. 

მემანქანეები, რომელთა ხელფასიც 6 წლის განმავლობაში არ გაზრდილა, ითხოვენ, საათობრივი ანაზღაურება 10 ლარი გახდეს, ნაცვლად 6.92-ისა. საამისოდ მათ საათობრივ ანაზღაურებას 3.85 ლარი უნდა დაემატოს. დამატებული თანხიდან 20%-ის დაქვითვის შემდეგ ხელზე ასაღები საათობრივი ანაზღაურება 10 ლარი გამოვა. 

აღნიშნული 3.85 ლარის მოსამატებლად, სატრანსპორტო კომპანიის ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 138,600 ლარი უნდა გამოიყოს.

სატრანსპორტო კომპანიამ მემანქანეებს ამ მოთხოვნაზე უარი განუცხადა და განმარტა რომ მათ ამ ეტაპზე ხელფასების მომატებისთვის სახსრები არ გააჩნიათ. ამავე კომპანიის გენერალური დირექტორის, მამუკა კობახიძის ქონებრივი დეკლარაციდან ირკვევა, რომ მისი ხელფასი თვეში 10,000 ლარია.

თარიღი12 ივნისი, 2019