მეტი დანაშაული, ნაკლები გამოძიებული და ბევრად მეტი რეკლამა

2016-ის I კვარტალში რეგისტრირდა 10,172 დანაშაული. გაიხსნა ამ რიცხვის 40%
2018-ის I კვარტალში რეგისტრირდა 41%-ით მეტი დანაშაული. გაიხსნა 13%-ით ნაკლები.
2018-ის 3 თვეში შსს-მ მეტი დახარჯა ფეისბუკ-რეკლამაში, ვიდრე მანამდე 24 თვეში ერთად.
 

----------------------

2015 წელს რეგისტრირდა 35,096 დანაშაული და გაიხსნა 60.34%;
2016 წელს რეგისტრირდა 35,997 დანაშაული და გაიხსნა 57.40%;
2017 წელს რეგისტრირდა 37,944 დანაშაული და გაიხსნა 53.24%.

შეგვიძლია დავასკვნათ,, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში განუხრელად იზრდება დანაშაულის რაოდენობა, ხოლო გახსნილი საქმეების რაოდენობა წლიდან წლამდე 3-4%-ით მცირდება.

მიუხედავად ამისა, იზრდება თანხა, რომელსაც შსს ფეისბუკსა და სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაზე ხარჯავს. ფლანგვის დეტექტორისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წელს ეს თანხა 10,600 ლარს შეადგენდა, 2017 წელს კი 18,710 ლარს.

2017 წლის მიწურულს შსს-ს ახალი მინისტრი ჰყავს, გიორგი გახარია, რომელმაც დანიშვნა, როგორც თვითონ ტვ-იმედის ეთერში განაცხადა, „სტატისტიკის გასაუმჯობესებლად“ ე.წ. საახალწლო რეიდებით აღნიშნა.

როგორც ჩანს, გახარიას მეთოდი არ მუშაობს. სტატისტიკა არათუ გაუმჯობესდა, არამედ გაუარესდა: გიორგი გახარიას შსს მინისტრად მოღვაწეობის პირველ კვარტალშივე რეგისტრირდა 41%-ით მეტი დანაშაული, ვიდრე 2016 წლის პირველ კვარტალში და ამავე საანგარიშო პერიოდში გაიხსნა 13%-ით ნაკლები დანაშაული. სტატისტიკას ემატება გახმაურებული რეიდები და ღამის კლუბში ახალგაზრდობის, მოწვეული არტისტებისა და ტურისტების დარბევა, რის გამოც მინისტრს ბოდიშის მოხდაც მოუწია.

შეუძლებელია ამავე პერიოდის 2017 წელთან შედარება, რადგან გ. გახარიას წინამორბედმა შსს მინისტრმა გ. მღებრიშვილმა სტატისტიკა დამალა. ფლანგვის დეტექტორმა სტატისტიკა უკვე გამოითხოვა და წესით, 10 დღის ვადაში, პასუხი უნდა მივიღოთ – თუ რა თქმა უნდა, შსს კანონს არ დაარღვევს. დღეისთვის ჩვენ მოვიპოვეთ 2017 წლის მარტის თვის სტატისტიკა, რომელიც აგრეთვე უკეთესია, ვიდრე გიორგი გახარიას მინისტრობისას ასახული 2018 წლის მარტის სტატისტიკა.

2017 წლის მარტში რეგისტრირდა 3,455 დანაშაული და გაიხსნა 1,356, (39%) ხოლო 2018 წლის მარტში რეგისტრირდა 5,380 დანაშაული (36%-ით მეტი) და გაიხსნა 1,448 (27%), ანუ 12%-ით ნაკლები, ვიდრე გასული წლის მარტში. 

შსს-სვე სტატისტიკა ცხადყოფს, რომ გიორგი გახარიას მინისტრობის პერიოდში შსს გაცილებით ცუდად მუშაობს, ვიდრე მანამდე. 

ვფიქრობთ, ამ რთულ პერიოდში სარეკლამო ხარჯის ზრდის ნაცვლად, უმჯობესია ეს ფული პერსონალის ტრენინგსა და საგამომძიებლო სამუშაოს დაფინანსებაზე მიიმართოს.

წყარო: 
ა) http://police.ge/.../%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90...

ბ) http://geostat.ge/?action=page&p_id=2677&lang=geo

გ) http://factcheck.ge/.../shss-s-danashaulis-statistikis.../

დ) http://geostat.ge/.../crime/marti/danarti%20marti-2018.pdf

თარიღი12 ივნისი, 2019